Thursday, September 10, 2015

1994 წლის ივლისი - ქსოვრისი -"იგი პირდაპირ ჩვენსკენ მოფრინავდა!"


- "1994 წლის ივლისის თვეში ბებიასთან და პაპასთან მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში ვისვენებდი - მოგვითხრობს ქ. თბილისის 141-ე საშუალო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩოკოლაშვილი - ღამის 10 საათი იქნებოდა, მეზობლის ქალები ჩვენი სახლის წინ შეკრებილიყვნენ. მათ შორის დედაჩემი და დეიდაჩემიც იყვნენ. ბავშვები იქვე ვთამაშობდით. ამ დროს დავინიხეთ მამაჩემის მანქანა, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოვებით 200 მეტრში გაჩერდა. "გიორგი, გაიქეცი ნახე რატომ გააჩერა მამაშენმა მანქანა იქ" - მითხრა დედამ. მეც მაშინვე გავიქეცი, თან დეიდაჩემი მომყვა. როცა მამასთან მივედით, დავინახეთ, რომ მას მანქანა გაჰფუჭებოდა. "გიორგი, შეხედე მფრინავი თეფში!" - დაიყვირა ამ დროს დეიდაჩემმა. მე ცაში ავიხედე და დავინახე რაღაც საგანი, რომელიც ჩვენსკენ მოფრინავდა შემეშინდა. დეიდას ხელი მოვკიდე და ორივე სახლისკენ გავიქეცით. თან გავრბოდით და თან ცაში ვიყურებოდით. როგორც იყო სახლს მიუახლოვდით. მე დავინახე დედაჩემი, რომელიც კიოდა და ჩვენს შესახვედრად გამორბოდა. ამ დროს მფრინავი თეფში გაჩერდა, ზევით აიჭრა და ცაში გაუჩინარდა."

" - როდესაც გიორგი და ნონა ჩემი მეუღლის მანქანასთან მივიდნენ, ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი დავინახე - მოგვითხრობს გიორგის დედა, ქალბატონი ლალი - პირველად იგი თვითმფრინავი მეგონა, მაგრამ კარგად რომ დავუკვირდი მივხვდი, რომ მფრინავი თეფში იყო. ის მოფრინავდა დიდი სიჩქარით და პირდაპირ გაჩერებული მანქანისაკენ მოემართებოდა, როდესაც გიორგიმ და ნონამ ის შენიშნეს და სახლისკენ გამოიქცნენ, უცნაური ხომალდი მათ გამოედევნა. მე ვიკივლე და ჩემებისკენ გავიქეცი, თან გაოცებული მეზობლის ქალები მომყვნენ. თუმცა საშინლად აღელვებული ვიყავი, უცნაური ობიექტის დათვალიერება მაინც შევძელი. იგი ჰგავდა ერთმანეთზე დამხობილ ორ ღრმა თეფშს, რომელსაც გარეშემო მრგვალი "გამონაზარდები" ჰქონდა. ილუმინატორები არ შემინიშნავს, გამონაზარდებიდან კი დამაბრმავებელი ნათება გამოდიოდა. ხომალდი მთლიანად მოთეთრო - მოვერცხლისფრო იყო. როდესაც შეშინებულმა ბავშვმა ჩემთან მოირბინა, უცნაური ობიექტი ზუსტად ჩვენს ზემოთ, ჩვენგან დაახლოვებით 15-20 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ამ დროს ჩემმა დამაც მოირბინა, შეშინებული მეზობლებიც მოცვივდნენ. მფრინავი თეფში დაახლოვებით 1 წუთის განმავლობაში ეკიდა ცაზე, მერე კი მაღლა აიჭრა და უკვალოდ გაუჩინარდა. კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მათ ჩემი შვილის მოტაცება უნდოდათ."
 
 

No comments:

Post a Comment