Wednesday, September 9, 2015

სფეროსებრი მეხი და სხვა უცნაური ისტორიები


ყაზბეგიდან ამბავი ჩამოიტანეს, სოფელ ყანობის ერთ-ერთ მაცხოვრებელს სფეროსებრი მეხი ესტუმრა ოჯახშიო. საბედნიეროდ ყველაფერი კეთილად დამთავრდაო - გვიყვებოდა კახა გოდერძიშვილი. ამ საუბრის დროს მოვიდამთასვლელი, დამსახურებული მასწავლებელი და მწვრთნელი შალვა ავსაჯანიშვილი. აი რა მოვითხრო მან:

1977 წელს ვმსახურობდი ალპურ ბანაკ აილამაში. (ზემო სვანეთის რაიონი). ჩვენი ჯგუფი შევსებული იყო ლენინგრადელი სტუდენტებით. მივდიოდით მწვერვალ შხარაზე. უამინდობის გამო დავბანაკდით ერთ-ერთი გორაკის ქვეშ. თუ კი რაიმე ლითონის საგანი გვქონდა მოვათავსეთ კარვებიდან 30 მეტრის დაშორებით. ექსპედიციის მონაწილეები თამაშობდნენ კარტს. ამ დროს შევნიშნეთ ალისფერი ბურთი, რომელიც როგორც წყალზე ისე ტივტივებდა ჰაერში. ქარს იგი ჩვენსკენ მოჰქონდა. მე ყველა გავაფრთხილე, რომ ხმა არავის ამოეღო, ხოლო ალისფერი ბურთულა კი გვიახლოვდებოდა, ის ჯერ კარავს შეეხო, ერთი გვერდი ამოწვა, შემდეგ მეორეც და ასე გააგრძელა გზა. ამ დროს ბორთულას არაფერი არ მოუვიდა, მან არც ფერი შეიცვალა და არც ფორმა. ის მაღლა აფრინდა და შეეხო ჩვენს მიერ შენახულ ლითონის საგნებს. ბურთულა ისე გაქრა, რომ ხმაც არ გამოუცია. შემდეგ ჩვენ შემთხვევის ადგილი რომ ვნახეთ, კონსერვები სულ დახეთქილი იყო, ხოლო რკინის პალოები კი შედუღებული. ძალიან საკვირველია, რომ ასეთი ზემოქმედებისას არავითარი ხმაური არ ყოფილა.

1943 წლის დეკემბერი იყო - გვიყვება არჩილ ელოშვილი. გორისციხის მთის წვეროდან - “წვერ თიდან” იქ სადაც მამაწმინდის სალოცავია, წამოვიდა ცეცხლი. ის დაეცა სოფელ ფზელშეში მდებარე წვერთ ვაკის აღდგომის ეკლესიას. ცეცხლმა გაანათა იქაურობა და ხანძარი კი არ გამოიწვია.

1966 წელი იყო. ივლისის თვე იქნებოდა. დაბანაკებულნი ვიყავით ხდის ხეობაში (ყაზბეგის რაიონი). ღამის მეორე ნახევარში კარვიდან გარეთ გამოვედი. წვიმდა, ცას შევხედე, გამოდარების ნიშან წყალის არ იყო. დავწვდი არყის ჯოხს, რომელიც იქვე ეგდო, მან კი უეცრად ფოსფორის ფერი მიიღო.

1976 წლის აგვისტოში ჩემ ჯგუფთან ერთად მივდიოდი მწვერვალ ოქროს ჩარდახზე (სვანეთის რაიონი). მე ჯგუფს წინ მივუძღოდი, მწვერვალი თოვლიანი იყო. უეცრად მოიღრუბლა, ყველამ მუხლებში სისუსტე ვიგრძენით, მაგრამ გზას მაინც ვაგრძელებდით მწვერვალისაკენ. ამ დროს თმა ყალყზე დამიდგა ისე, რომ მან ქუდი ასწია. თმის ძირები ამტკივდა. მოვიხადე ქუდი და თმაზე ხელი გადავისვი. ის კი როგორც ფიჩხი ისეთი გამხდარიყო. ამის მერე წერაყინი ავწიე თავს მაღლა და ამ დროს წერაყინის წვერმა, როგორც ელექტრო შედუღებამ ისე დაიწყო წრიპინი. იძულებული გავხდი ჯგუფი უკან დამეხია. ღრუბელი როცა გადავიდა მუხლებში სისუსტე მოგეხსნა და გზა ჩვეულებრივად გავაგრძელეთ.

      მოწმე შალვა ავსაჯანიშვილი.
 
 

No comments:

Post a Comment